akaki mtavari foto

სსიპ – ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლამ 2017 წელს 50 წლის იუბილე აღნიშნა. ამ წლების განმავლობაში სკოლის ისტორიაში უამრავი წარმატებული პედაგოგია, თუმცა, ამ სტატიაში ჩვენ სკოლის ამჟამინდელ ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელზე – აკაკი შეყელაძეზე გიამბობთ.

აკაკი სკოლის გუნდს 2016 წლის თებერვალში შეუერთდა, დაინიშნა საინფორმაციო მენეჯერის პოზიციაზე. როგორც თავად იხსენებს, ძალიან დიდი მოტივაციით დაიწყო სკოლაში მუშაობა და გრძნობდა, რომ დიდი გამოწვევის წინაშე იდგა.

„სკოლაში მუშაობის დაწყება ჩემთვის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე გაბედული ნაბიჯი იყო, ვინაიდან ვგრძნობდი, თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე. სკოლის თანამშრომელს სანიმუშო ადამიანობა და პროფესიონალიზმი მოეთხოვება და მიუხედავად ყველაფრისა, 20 წელი ისეთი ასაკი იყო, რომელიც მართლაც მაბნევდა და მაშინებდა. მიმაჩნია, რომ გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს, როდესაც რაღაც მიზანი გამოძრავებს, ამიტომაც, დიდი შემართებით შევუდექი მუშაობას“.

სკოლაში საგაკვეთილო პროცესი უბადლოდ მიმდინარეობდა, თუმცა, სასკოლო ცხოვრება მეტად ხალისიანი, საინტერესო და თანამედროვე რომ გამხდარიყო, აკაკის ინიცირებითა და ორგანიზებით სხვადასხვა პროექტი ჩატარდა. გააქტიურდა სკოლის სოციალური ქსელის გვერდი, რომელზეც თითქმის ყოველ კვირა ახალ-ახალი ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა იტვირთება. მოსწავლეებში ამან მოტივაცია გააძლიერა, რამაც ნამდვილად სასურველ შედეგამდე მიიყვანა ეს ახალგაზრდაც და სკოლის სრული კოლექტივიც.

„სკოლაში ჩემი პირველი პროექტი იყო „პრეზენტაციების კონკურსი 2016“, ვინაიდან, ვთვლი, რომ თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო გამოსვლის და პრეზენტაციის უნარების ქონა. როდესაც ეს უნარები ადრეული ასაკიდანვე ვითარდება, მოზარდისთვის ამ მიმართულებით დაბრკოლებები აღარ იარსებებს და სკოლას დიდი წვლილი შეაქვს მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. ამ პროექტს განსაკუთრებული ყურადღებით ვახორციელებდი, ყველაფერი გაწერილი იყო პროექტით, ჩავატარე ტრენინგები, შეხვედრები, რეპეტიციები. საბოლოოდ, დაჯილდოების და დახურვის ცერემონია ძალიან ემოციური გამოვიდა და მოსწავლეების თხოვნით, პროექტს ყოველწლიური სახე მივეცით. თუმცა, განვითარება მართლაც მნიშვნელოვანია და ყოველწლიურად მცირე სახეცვლილებით ვახორციელებ პროექტს“.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ აკაკის ინიცირებითა და ორგანიზებით მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ჩატარდა პროექტები „მეწარმეობის დღეები“, „ვიქტორინა ზუსტ, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებებში“, „ფინანსური ცნობიერების ამაღლების პროექტი“, გაიმართა ფილმის ჩვენებები და დისკუსიები, მისი მენეჯერობით ჩატარდა ასევე „შოთა რუსთაველის კვირეული“, „ილია ჭავჭავაძის კვირეული“ და მრავალი სხვა.

„2016-2017 სასწავლო წელი იმდენად აქტიური აღმოჩნდა, რომ 2017 წლის ივნისში გადავწყვიტე წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩამეტარებინა, რომელზეც 1 წლის სასკოლო ცხოვრება შევაჯამეთ, წარმატებული მოსწავლეები და პედაგოგები დავაჯილდოვეთ. ამ უკანასკნელს იმდენად დიდი გამოხმარება მოჰყვა და ისეთი ემოციური გამოვიდა, რომ მაშინ უკვე მივხვდი, რომ ჩემი სკოლაში ყოფნა მართლაც ღირდა, ასეთი ამაყი და კმაყოფილი მართლაც არასოდეს ვყოფილვარ“.

ახალგაზრდა პედაგოგი მხოლოდ შიდასასკოლო-საგაკვეთილო აქტივობებით არ შემოიფარგლება და ცდილობს, მოსწავლეებს მრავალფეროვანი, ხალისიანი გარემო შეუქმნას. ამაზე მეტყველებს მის მიერ ორგანიზებული „მასკარადირებული ფართი“, სხვადასხვა ექსკურსიები, მათ შორის „ფინანსური ცნობიერების ამაღლების პროექტის“ ფარგლებში ვიზიტები სხვადასხვა დაწესებულებებში და ა.შ.

„ვთლი, რომ ყველა ჩემ მიერ ორგანიზებული პროექტი მხოლოდ ჩემი წარმატება არაა. რომ არა ჩემი სანიმუშო კოლეგები და მართლაც უკიდურესად მოტივირებული, ძალიან პერსპექტიული მოსწავლეები, ეს პროექტები ნამდვილად ვერ ჩატარდებოდა მაღალ დონეზე. პირადად ჩემს წარმატებას შეიძლება მივაწეროთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საგრანტო პროექტში გამარჯვება. 2 პროექტი წარვადგინე და ორივემ გაიმარჯვა, მართლა ძალიან გამიხარდა. უმნიშვნელოვანესი მიმართულებები მქონდა წამოჭრილი და ბედნიერი ვარ, რომ მოსწავლეებს მიეცათ საშუალება ამ განხრით განვითარებულიყვნენ“.

აკაკიმ საგრანტო პროექტის „თავისუფალი გაკვეთილები“ ფარგლებში 2 პროექტი განახორციელა – „თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურ ცხოვრებაში“ და „ეფექტური პრეზენტაციის საიდუმლოები“.

ახალგაზრდა პედაგოგი საშუალო საფეხურის მოსწავლეებს „მეწარმეობის საფუძვლებს“ ასწავლის. გაკვეთილები ინტერაქციული ლექციის, დისკუსიის, პრაქტიკული სამუშაოების ერთობლიობაა. ყველა გაკვეთილზე სიტუაციური ამოცანების განხილვა ხდება, შემდეგ მოსწავლეები ინტერაქციულ ლექციაში ებმებიან. პედაგოგი ასევე სკოლაში „პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის“ ხელმძღვანელია, რომელიც უკვე მე-2 წელია წარმატებით ხორციელდება სკოლაში.

აკაკი საკუთარ წარმატებაში თვლის, რომ დიდი წვლილი კოლეგებს მიუძღვით: „მხოლოდ დირექტორის, საკუთარი და მოსწავლეთა მოტივაცია ვთვლი, ამდენს ვერ შემაძლებინებდა. დიდ მადლობას იმსახურებენ ჩემი კოლეგები, რომლებიც მუდამ გვერდით მიდგანან, არ მაკლებენ რჩევებს, რეკომენდაციებს. მათი გამხნევება და შემდეგ შექება ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია, ისინი ხომ პროფესიონალები არიან“.

როგორც ჩანს, კოლეგებისგან მართლაც დაიმსახურა მან პატივისცემა. წარმოგიდგენთ 2 მათგანის ციტატას:

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აკაკიმ შეძლო სასკოლო ცხოვრება სარგძნობი უკეთესობისკენ შეეცვალა. თავის საქმეს ყოველთვის ეკიდება უაღრესი პასუხისმგებლობით და ყველა დავალებას მუდამ ასრულებს უმაღლეს დონეზე. სწორედ საქმის ასეთივე შესრულებას ითხოვს და დახმარებას უწევს სხვა კოლეგებსაც, რაც ჩვენს სკოლას და სკოლის განვითარებას საგრძნობლად დაეტყო. სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები მას საკუთარ მეგობრად და სანდო ადამიანად აღიქვამენ. მჯერა, იშვიათია ადამიანი, მითუმეტეს ამ ასაკის, რომელსაც შეუძლია ამდენად მნიშვნელოვანი საქმის კეთება“ – ისტორიის პედაგოგი მაიკო ჯუგაშვილი.

“მახსენდება პირველი შეხვედრა აკაკისთან. გავიფიქრე, ასეთი ახალგაზრდაა, ალბათ გამოუცდელი, ბევრს ისწავლის… სულ რამდენიმე კვირაში დაამყარა სკოლაში ,,თავისი” წესები. საოცრად მოახერხა იყოს მომთხოვნი მასწავლებელიც და საუკეთესო მეგობარიც. მისი ხელწერა ყველგანაა, ყოველი ახალი წელი, სასწავლო წლის დასასრული თუ უბრალოდ შეკრება მასწავლებლებისთვისაც ზეიმად იქცა. ,,აკაკის ღონისძიება”- ნიშნავს ძალიან დახვეწილს, კარგად ორგანიზებულს, კომფორტულს და საჭიროს, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. დიახ, მახსენდება ჩემი პირველი შთაბეჭდილება აკაკიზე… საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს სკოლაში მუშაობის და ბევრი რამ ვისწავლე მისგან“ – ნინო ხმალაძე.

„ასეთი ტრადიცია მაქვს, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ჩემს მოსწავლეებს ვთხოვ ფურცელზე ანონიმური წერილები დამიწერონ – „მეწარმეობის გაკვეთილები და ჩემი მასწავლებელი“. უპირველეს ყოვლისა, აქედან ვიგებ თუ რამ გაამართლა და რა საჭიროებს დახვეწას. წერილები იმდენად თბილი და სასიამოვნოა, რომ მათ საგულდაგულოდ ვინახავ და რომ დავბერდები, ალბათ ყველაზე მეტად მაშინ მესიამოვნება მათი წაკითხვა. მიხარია, თუ, როგორც მოსწავლეები ამ წერილებში წერენ, მართლა შევძელი ამ ადამიანების ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ მივედი სკოლაში, ჩემი მიზანი ეს იყო. შეუძლებელია სკოლაში სხვა რაიმე მოტივით იმუშავო. ეს საქმე უნდა გიყვარდეს, სხვანაირად ვერ იმუშავებ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ

ბავშვები საკუთარ მეგობრად მიმიჩნევენ, მენდობიან და ვუყვარვარ“. რამდენიმე მოსწავლის ამონარიდს წარმოგიდგენთ:

„აკაკი გახდა ჩემთვის არამარტო სკოლის, არამედ ცხოვრების პედაგოგიც. ყოველდღიურ ცხოვრებაში მის რჩევებს ხშირად ვიყენებ. კარგი მეგობრის, კარგი მრჩეველის მაგალითი და იდეალური პედაგოგის ეტალონია. მისი დამსახურებაა, რომ საზოგადოებაში დღეს გახსნილი პიროვნება ვარ. საკუთარი ენერგიულობით და პოზიტიურობით სკოლა გააცოცხლა“ – ელენე სარიბეკოვი.

„აკაკი მასწავლებელი არაჩვეულებრივი პიროვნება, მეგობარი და მასწავლებელია. მან არაჩვეულებრივი და შემეცნებითი გაკვეთილები ჩაგვიტარა, რომელმაც იდეალური გამოცდილება მოგვცა. მეწარმეობის გაკვეთილებიდან განსაკუთრებით კარგად გამახსენდება სახალისო დავალებები“ – მარიამ ექიზაშვილი.

„აკაკი მასწავლებელს საოცარი შინაგანი ბუნება აქვს და ყოველთვის პოზიტივს ასხივებს. მე, პირადად, მაოცებს მისი მიდგომა ყოველი საქმის მიმართ. მომწონს ამ ადამიანში ის, რომ იგი არავის არ ჰგავს, ერთადერთი და განუმეორებელია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია მისი განათლების დონე, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტია და აურაცხელი საქმე აქვს, ახერხებს, რომ სკოლაში მოვიდეს ახალი ენერგიით, ხალისით და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე. ის ჩემთვის მისაბაძი პიროვნება და ვთვლი, რომ საქართველოს სწორედ ასეთი მამულიშვილები უნდა ყავდეს, რათა მუდამ იამაყოს“ – თაკო მანანაძე.

„რაც აკაკი სკოლაში მოვიდა, ბევრი საინტერესო პროექტი და ღონისძიება ტარდება. ყველა ბავშვის მიმართ არის მეგობრული, არ არის მკაცრი. როდესაც სკოლას დავამთავრებთ, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გააგრძელებს მასთან მეგობრობას. ბავშვისთვის ბევრს ნიშნავს პოზიტიური, კეთილი, გამგები მასწავლებლის ყოლა და ზუსტად ასეთია ჩვენი აკაკი“ – ლევან ექიზაშვილი.

„ჩემი აზრით, ქვეყნის მომავლისთვის N1 მნიშვნელობის სწორედ განათლებაა, რომელშიც ყველაზე დიდ როლს ზოგადი განათლება თამაშობს. მიხარია, რომ უნივერსიტეტებში განათლების ფაკულტეტი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩემს მწირ გამოცდილებას ყველა მსურველს გავუზიარებ და ახალგაზრდებს მოვუწოდებ, ამ სფეროში საკუთარი სათქმელი თქვენ. ამაზე კარგი საქმე არაფერია“.

აკაკი ამჟამად თსუ-ს და გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ სტუდენტია. გეგმავს კვლევების განხორციელებას და სადოქტორო ნაშრომის დაწერას განათლების ადმინისტრირებაზე. მანამდე კი უამრავი გეგმა აქვს.

წარმატებებს ვუსურვებთ აკაკის. სწორედ ასეთი საქმისადმი თავდადება, შრომოყვარეობა, მოტივაცია და საქმის სიყვარული წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტს.

auditoria1 auditoria2 akaki mtavari foto erti kargi finansebis proeqti ilias daxurva jiuri prezentaciebi patarebi monawile10 monawile7 monawile monawil6 monawiile4 ra sad rodis shota shotas daxurva viqtorina da kolega viqtorina1 viqtorina5 მონაწილე3

© სსიპ – ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სსიპ – ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლის თანამშრომლები, აკაკი შეყელაძე

წყარო: www.etaloni.ge
(ბოლო ხელმისაწვდომობა: 26.03.2018, ბმულზე: http://www.etaloni.ge/geo/main/index/7359 )