სკოლის საინფორმაციო მენეჯერი და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი – აკაკი შეყელაძე:

მოწინავე ქვეყნებში უკვე რამდენიმე წელია, რაც პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ელექტრონული სწავლების სისტემა დაინერგა. საბედნიეროდ, საქართველო ნამდვილად არ ჩამორჩა ტექნოლოგიურ მიღწევებს და დღეს-დღეობით საქართველოს არა-ერთი უნივერსიტეტის ლექტორი სასწავლო რესურს სტუდენტებისთვის ელექტრონულად, ონლაინ ათავსებს.
მეც, როგორც აგრეთვე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, ვაცნობიერებ და თავადაც გამოვცადე სასწავლო პროცესში ტექნიკის და ელექტრონული რესურსის გამოყენების მნიშვნელობა. გაცნობიერებასთან ერთად, გადავწყვიტე, სასწავლო კურსი, რომელსაც ვუძღვები, მაქსიმალურად მომერგო თანამედროვეობისთვის და სკოლის საიტზე, მინი ელექტრონული სწავლების პორტალი დამენერგა.
ამჟამად მიმდინარეობს რეკონსტრუქციის სამუშაოები, ვმუშაობ რაც შეიძლება student-friendly (მოსწავლისთვის მეგობრული) გარემოს შექმნაზე. ვთვლი, რომ მოსწავლეებისთვის ეს ნამდვილად გაამარტივებს სასწავლო პროცესს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მარტივად შეძლებენ სასწავლო მასალის ვიზუალურად აღქმას. თითქმის თითოეული საგაკვეთილო თემის ახსნისთვის ვამზადებ სლაიდ-შოუს, აღნიშნული კი, ვფიქრობ, ელექტრონულადაც რომ განვათავსო, ძალიან დაეხმარებათ მოსწავლეებს თემის ინდივიდუალურად დამუშავების დროს.
ვგეგმავ თითოეული სალექციო/საგაკვეთილო თემის განხილვის შემდეგ შესაბამისი საინტერესო მასალა ან უკვე არსებული მასალის ბმულები გავუზიარო მოსწავლეებს. იქიდან გამომდინარე, რომ “მეწარმეობის საფუძვლებში” არ არსებობს განსაზღვრული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფირებული წიგნი, სხვადასხვა, ჩემ მიერ შერჩეული ლიტერატურის კომბინირებით ვაწვდი მოსწავლეებს თითოეული თემისთვის დასამუშავებელ ტექსტურ მასალას.

shutterstock_166599086მოსწავლეებმა პირველივე გაკვეთილებზე გამოთქვეს სურვილი კომუნიკაციისთვის გამოგვეყენებინა თანამედროვე ელექტრონული საშუალებები – ელ-ფოსტა და სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” ჯგუფები. მიხარია, რომ ძალიან ხშირად გაკვეთილზე დაწყებული დისკუსიები ამ ჯგუფებში გრძელდება, სადაც მე უბრალოდ “ქოუჩის” როლს ვთამაშობ.
იქიდან გამომდინარე, რომ სკოლის სხვა პერსონალი ძალიან იშვიათად თუ შეძლებს (დროის უქონლობიდან გამომდინარე) ჩვენი – ჩემი და მოსწავლეების უშუალო მუშაობის სტილის და ინტეგრირებული ელ-სწავლების პორტალის გამოყენებით მიღწეული შედეგების თვალით დანახვას, დავამატე “ფოტოგალერიის” სექცია. სხვადასხვა აქტივობების ჩატარების შემდეგ, შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში, ვაპირებ შესაბამის ბლოკში განვათავსო ფოტომასალა და მოსწავლეებისთვისაც ეს, ვფიქრობ, მომავალში ძალიან სასიამოვნო იქნება გასახსენებლად.

ვინაიდან სკოლის ვებ-გვერდს თავად ვმართავ, შემეძლო აღნიშნული პორტალის ბმული სხვადასხვანაირად გამეზიარებინა, ან ცალკე პლატფორმა შემექმნა. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა საგნების ასეთ სწავლებას უახლოეს მომავალში, ჩემს სკოლაში, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, გადავწყვიტე პორტალი სკოლის ვებ-გვერდზე ჩამეშენებინა და მთავარი მენიუს ბლოკში დავამატე მენიუ – ელექტრონული რესურსები (“ელ-რესურსები”). მენიუდან კი ორნაირად იქნება შესაძლებელი ჩემ მიერ შექმნილ პორტალზე გადასვლა.

ვფიქრობ არც თუ ისე უინტერესო ინიციატივაა და ვიმედოვნებ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისგან იმ მოტივაციას დავინახავ, რაც ჯერ-ჯერობით მაოცებს, იმდენად დიდი და უჩვეულოა.

მაშ ასე, გთავაზობთ 127-ე საჯარო სკოლის მეწარმეობის საფუძვლების ელექტრონული სწავლების მინი-პორტალს:
მეწარმეობა

P.S. ელექტრონული სწავლების პორტალის შუალედურ და საბოლოო შედეგებს აუცილებლად გაგიზიარებთ :) 

03.10.2016